„უოლ სთრით ჯორნალი“ – დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ოპტიმიზმით განეწყო, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, შენარჩუნდება თუ არა ტრამპის ეს განწყობა

12:44, 28.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და მისი ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ბოლო კვირების განმავლობაში ოპტიმიზმით განეწყო, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდიან ვოლოდიმირ ზელენსკის სიმტკიცემ. წყაროების ცნობით, ეს ცვლილება რამდენიმე სამიტზე გამართული შეხვედრების შემდეგ მოხდა, რომლის დროსაც უკრაინის პრეზიდენტი ცდილობდა ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ეს ევროპელი ლიდერების შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს მოსწონს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიაც. განსაკუთრებით ის, თუ როგორ იცავენ თავს ისეთი დრონებისგან, როგორსაც აშშ ირანთან ომში აწყდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს გამარჯვებულები უყვარს, ხოლო, მისი აზრით, ზელენსკი სულ უფრო მეტად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა, შენარჩუნდება თუ არა ტრამპის ახალი განწყობა ზელენსკის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირებმა „უოლ სთრით ჯორნალს“ განუცხადეს, რომ მისი შეხედულებები ხანდახან სწრაფად იცვლება.

გამოცემის კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის დამარცხებას შეძლებდნენ, თუმცა ახლა ტრამპი პუტინის მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილია.

მსგავსი