„უოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-ში დაინტერესდნენ პუტინის წინადადებით, რომელიც ამერიკელი სამხედროების მიერ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში რუსული ბაზების გამოყენებას ითვალისწინებს
„უოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-ში დაინტერესდნენ პუტინის წინადადებით, რომელიც ამერიკელი სამხედროების მიერ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში რუსული ბაზების გამოყენებას ითვალისწინებს

აშშ-ში დაინტერესდნენ პუტინის წინადადებით, რომელიც ამერიკელი სამხედროების მიერ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში რუსული ბაზების გამოყენებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

ჟურნალისტების ცნობით, ეს საკითხი აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაურმა მარკ მილიმ და რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ჰელსინკში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ ეძებს ახალ გზებს, რათა ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის შემდეგ, კვლავ მიადევნოს თვალი ტერორისტულ საფრთხეებს. ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ამერიკელ კოლეგას კონკრეტულს არაფერს დაჰპირდა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივლისში რუსული მედია წერდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენს შესთავაზა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში მდებარე სამხედრო ბაზები ერთობლივად გამოეყენებინათ, რათა ვაშინგტონისა და მოსკოვის ქმედებები ავღანეთის მიმართულებით კოორდინირებული იყოს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სავარაუდოდ საუბარი შეეხებოდა დრონებით მოპოვებული ინფორმაციის გაცვლაზე, თუმცა აშშ-ის ჯერ ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.