„უოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-ში ლტოლვილად მყოფმა უკრაინელების ნაწილმა, შესაძლოა, ლეგალური სტატუსი დაკარგოს
აშშ-ში ლტოლვილად მყოფმა უკრაინელების ნაწილმა, შესაძლოა, ლეგალური სტატუსი დაკარგოს. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახალ ზომებს თუ არ მიიღებს, ამოიწურება ორწლიანი ვადა, რომელიც 120 000-მდე უკრაინელს ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის უფლებას აძლევდა. საუბარია ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შექმნილ პროგრამაზე United for Ukraine, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილები მიიღეს. თუმცა დონალდ ტრამპის თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დაბრუნების შემდეგ, ეს პროგრამა გაუქმდა და ტრამპმა ასევე შეაჩერა ამ პირებისთვის სამუშაო ნებართვების გახანგრძლივება.
მედიის ცნობით, პროგრამით United for Ukraine დაახლოებით 250 ათასამდე უკრაინელი ჩავიდა შეერთებულ შტატებში. თუმცა, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში 2023 წლის 16 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ სარგებლობენ სხვა პროგრამით, რომელსაც დროებითი დაცვის სტატუსი ჰქვია. 120 ათასამდე ლტოლვილი კი, რომელიც ამ ვადის შემდეგ შევიდა ქვეყანაში, ჰუმანიტარული პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ არალეგალები გახდებიან.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინელებს ქვეყანაში დარჩენის ნება ომის დასრულებამდე მისცეს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.