უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან უკვე მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს გზაგამტარის მშენებლობა სრულდება.

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, ამ მასშტაბის სამუშაოები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ხიდი მაქვს მხედველობაში, დედაქალაქში არ განხორციელებულა. ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც გარკვეულწილად, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს გადაადგილებას. ტერიტორიაზე მოეწყობა ორზოლიანი საავტომობილო გზა. ამავე პროექტში, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისად, გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკებიც. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქლაქის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს, პროექტის ღირებულება კი 35 მლნ ლარია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე.