„უნიონის“ მწვრთნელი - კვარაცხელიას ნებისმიერი დაცვის არევა შეუძლია #1TVSPORT
ბერლინის „უნიონის“ კაპიტანმა, კრისტოფ ტრიმელმა „ნაპოლისთან“ წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იტალიურ გუნდთან ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაშვებული შეცდომა აღიარა.
„ყველამ ნახეთ, რომ „ნაპოლის“ წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. მთავარი იყო ის ფეხბურთი, რაც „უნიონმა“ აჩვენა. ამის გამო წაგება უფრო საწყენია. რაც შეეხება გოლს, ჩვენ ვცდილობდით, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ ერთად გვეთამაშა, მაგრამ ამ კონრეტულ შემთხვევაში ეს იდეალურად არ გამოგვივიდა. ამას გარდა, რასპადორი გაგვეპარა და გოლიც გაგვიტანა“, – განაცხადა კრისტოფერ ტრიმელმა DAZN-თან ინტერვიუში.
გერმანული კლუბის მწვრთნელმა, ურს ფიშერმა კი მატჩის შემდეგ თქვა, რომ იტალიის ჩემპიონის და ქართველი თავდამსხმელის სრულად შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა.
„თითქმის შეუძლებელია ასეთ გუნდთან („ნაპოლისთან“) 90 წუთზე მეტხანს იდეალურად დაცვა, როდესაც ის (კვარაცხელია) მოედანზეა, მას შეუძლია, ნებისმიერი დაცვა არიოს“, – განაცხადა „უნიონის“ მწვრთნელმა, ურს ფიშერმა.