უნიკალური ამბავი ფარერებზე - ოთხი გოლი 13 წუთში (ვიდეო)
უნიკალური ამბავი ფარერებზე - ოთხი გოლი 13 წუთში (ვიდეო)

ფარერის კუნძულების ჩემპიონატი ერთ-ერთი იშვიათია, რომელიც პანდემიის მიუხედავად გრძელდება. კუნძულზე მესამე ტურის შეხვედრები ჩატარდა და უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა – გუნდი მე-16 წუთიდან 10 მოთამაშის ამარა დარჩა, მაგრამ 5:0 მოიგო, მისმა ფეხბურთელმა კი 13 წუთში „პოკერი“ შეასრულა.

„არგირმა“ საკუთარ მოედანზე „ჰბ ტორსჰავნს“ უმასპინძლა და 0:5 დამარცხდა. სტუმართა წარმატებაში განსაკურებული როლი ფარერების ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ქვეყნის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ადრიან იუსტინუსენმა ითამაშა.

21 წლის ფეხბურთელმა პირველად მე-8 წუთზე გაიტანა, მე-17 წუთისთვის უკვე ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული (რაც ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია), ხოლო 21-ე წუთზე ანგარიშზე „პოკერი“ ჩაიწერა. საინტერესოა, რომ ფეხბურთელმა სამი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. პირველად მარცხენა მხრიდან, შემდეგ – მარჯვენა მხრიდან, მესამე კი შუიდან, დაახლოებით 30 მეტრიდან.

„არ ვიქნებით ზედმეტად მიკერძოებული, თუ ვიტყვით – ადრიანის შესრულების ტექნიკა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ – წერს „ჰბ ტორსჰავნის“ ოფიციალური გვერდი.

სამ შეხვედრაში იუსტინუსენმა სულ 6 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება გაძევებას – მე-16 წუთზე „ჰბ ტორსჰავნი“ მოედანზე 10 მოთამაშით იმიტომ დარჩა, რომ ჰედინ ჰანსენი გაუძევეს.

სამი ტურის შემდეგ „ჰბ ტორსჰავნმა“ ცხრა ქულა დაააგროვა და „ბ36 ტორსჰავნთან” ერთად ფარერების კუნძულის ჩემპიონატის ლიდერია.