უნგრული მედიის ცნობით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, უკრაინაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან
უნგრული მედიის ცნობით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, უკრაინაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან

რუსეთიდან უნგრეთში 11 სამხედრო ტყვე გადაიყვანეს, – უნგრული გამოცემა ATV-ის ცნობით, ამის შესახებ საეკლესიო საკითხებში უნგრეთის ვიცე-პრემიერმა, ზოლტ შემიენმა განაცხადა.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საეკლესიო თანამშრომლობის ფარგლებში, უნგრული მხარის მოთხოვნით, ამიერკარპატული წარმოშობის უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში, გადაიყვანეს უნგრეთში“.

უნგრული მედიის ცნობით, სამხედრო ტყვეების გადაყვანას კოორდინაციას უწევდა საეკლესიო საკითხებში უნგრეთის ვიცე-პრემიერი, ზოლტ შემიენი. „ეს ჩემი ადამიანური და პატრიოტული მოვალეობაა“,- განაცხადა შემიენმა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ოლეგ ნიკოლენკო და აღნიშნა, რომ უკრაინა ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

„უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება ყოველთვის კარგი ამბავია. უკრაინა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს ჩვენი ყველა დამცველის სახლში დასაბრუნებლად. ამასთან, უკრაინის მთავრობა არ იყო ინფორმირებული უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების შესახებ. უნგრეთის ვიცე-პრემიერის საჯარო განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ რუსეთმა ბუდაპეშტს უნგრული წარმოშობის 11 უკრაინელი ტყვე გადასცა“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ წარადგინა მოთხოვნა, უკრაინის კონსულს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ტყვეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისი დახმარება გაუწიონ. ნიკოლენკოს თქმით, დღეს უნგრეთის დროებით წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ხაზი გაესვა ისეთ სენსიტიურ საკითხებზე თანამშრომლობის აუცილებლობას, როგორიცაა სამხედრო ტყვეების გათავისუფლება.