უნგრული მედია - ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ძალთა ბალანსს დაარღვევს და აშშ-ის რეგიონში უფრო მძლავრ გავლენას მოაპოვებინებს
უნგრული მედია - ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ძალთა ბალანსს დაარღვევს და აშშ-ის რეგიონში უფრო მძლავრ გავლენას მოაპოვებინებს

ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ძალთა ბალანსს დაარღვევს და აშშ-ის რეგიონში უფრო მძლავრ გავლენას მოაპოვებინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ეს მოსაზრება 2023 წელს ქვეყნის პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრის დროს გამოთქვა.

გამოცემა „ტელექსის“ ცნობით, გეოპოლიტიკურ რისკებზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წარმოშობს „ძალის ახალ ცენტრს, რომელშიც აშშ იქნება დომინანტი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, „ძალის ახალ ცენტრში“ შევლენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი, უკრაინა და რუმინეთი.

ამასთან, ორბანმა ამავე შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომ ე.წ. ფერადი რევოლუცია ბელარუსში ჯერ კიდევ შეიძლება, მოხდეს, რაც აშშ-ს ევროპაში კიდევ უფრო დიდი გავლენას მოუტანს. ორბანის აზრით, ეს ყველაფერი ევროკავშირში გერმანიისა და საფრანგეთის დომინირებას საფრთხეს შეუქმნის.