უნგრეთში ლგბტქ+ პრაიდის აკრძალვაზე კანონის მიღების ჩაშლის მცდელობის გამო, ექვს ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შესვლა დროებით შეეზღუდა და დაჯარიმდა
უნგრეთის პარლამენტმა ექვს ოპოზიციონერს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეუზღუდა მას შემდეგ, რაც ლიბერალური პარტიის, „მომენტუმის“ წევრები შეეცადნენ, ჩაეშალათ კანონის მიღების პროცესი, რომელიც ლგბტქ+ საზოგადოებას ყოველწლიური პრაიდ-მარშის ჩატარებას უკრძალავს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სესიაზე ფერადი კვამლის ყუმბარები გაუშვეს. შედეგად, სამ დეპუტატს პარლამენტში ორი თვის ვადით შესვლა აეკრძალა და, ჯარიმის სახით, ხელფასი ექვსი თვის ვადით დაუყოვნდება. კიდევ სამ დეპუტატს კი პარლამენტში შესვლა ერთი თვის ვადით შეეზღუდა, ხელფასს კი ოთხი თვით დაუკავებენ.
საერთო ჯამში, ჯარიმა 80 მილიონ უნგრულ ფორინტს, დაახლოებით 200 000 ევროს შეადგენს და ყველაზე დიდ ჯარიმას წარმოადგენს, რომელიც დეპუტატებისთვის ოდესმე დაუკისრებიათ.
უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ფიდესმა“ ლგბტქ+ თემისთვის ყოველწლიური პრაიდის ჩატარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 17 მარტს წარადგინა, მომდევნო დღეს კი დოკუმენტს 136 ხმით, 27-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
პრაიდის აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში მასშტაბური საპროტესტო აქციაც გაიმართა.