უნგრეთში აშშ-ის ელჩი - ნატო-ს მოკავშირეები უნგრეთს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ
უნგრეთში აშშ-ის ელჩი - ნატო-ს მოკავშირეები უნგრეთს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ

ნატო-ს მოკავშირეები უნგრეთს რუსეთთან მისი „მჭიდრო და გაფართოებული“ ურთიერთობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ, – ამის შესახებ უნგრეთში აშშ-ის ელჩმა დევიდ პრესმანმა განაცხადა.

„ნატო-ს მოკავშირეები უნგრეთს აფრთხილებენ რუსეთთან მისი მჭიდრო და გაფართოებული ურთიერთობის საშიშროების შესახებ და თუ ეს ბუდაპეშტის პოლიტიკის არჩევანია, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები. უსაფრთხოების ეს ლეგიტიმური შეშფოთება, რომელსაც იზიარებს უნგრეთის 31 მოკავშირე, არ შეიძლება, არ შევიმჩნიოთ“, – განაცხადა პრესმანმა.

უნგრეთში აშშ-ის ელჩმა ასევე თქვა, რომ უნგრეთი არის მოკავშირე, რომელიც ყველასგან განსხვავებულად იქცევა.

„ეს გამოსვლა ეხება მთავრობას, რომელიც აშშ-ს „მოწინააღმდეგედ“ მიიჩნევს და შესაბამისად ეპყრობა, აკეთებს პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც სულ უფრო იზოლირებულს ხდის მეგობრებისა და მოკავშირეებისგან. ეს გამოსვლა ეხება დიდი ხნის მეგობარს და მოკავშირეს, რომელიც ამბობს და აკეთებს იმას, რაც ძირს უთხრის ნდობასა და მეგობრობას“, – განაცხადა პრესმანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი ღიად მოუწოდებს აშშ-ს და სხვა მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა აიძულონ დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები.

„აშშ-საც სურს მშვიდობა. ჩვენც გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ უნგრეთის წინადადება არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა პრესმანმა.