უნგრეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა
უნგრეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა

უნგრეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა. „როიტერის“ ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობამ გადაწყვეტილება „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღო.

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნები სამ კატეგორიად იქნება დაყოფილი: „მწვანე“, „ყვითელი“ და „წითელი“ ქვეყნები, რომელთათვისაც კარანტინის სხვდასხვა წესები იმოქმედებს.

ე.წ. ყვითელი ზონებიდან უნგრეთში ჩასულ მგზავრებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ინფიცირებულები არ არიან.

„ყვითელ“ სიაში არიან სერბეთი, ბულგარეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ჩინეთი, აშშ და ნორვეგია.

„წითელ“ სიაში მოხვდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო ასევე აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. ამ ქვეყნებთან უნგრეთი საზღვრებს არ გახსნის.

„მწვანე“ ქვეყნების სიაში ამჟამად მხოლოდ ხორვატიაა. ხორვატიიდან ჩასულ მგზავრებს უნგრეთში შესვლა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეეძლებათ.

უნგრეთში „კოვიდ-19“-ის 4 234 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 595 პაციენტი გარდაიცვალა.