უნგრეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა იტალიის პარტია „ლიგასთან“ ერთად ახალი მემარჯვენე ევროპული პოლიტიკური ალიანსი შექმნეს
უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ იტალიის პარტია „ლიგასთან“ ერთად ახალი მემარჯვენე ევროპული პოლიტიკური ალიანსი შექმნეს. ორბანი და მორავიეცკი „ლიგის“ ლიდერ მატეო სალვინის ბუდაპეშტში შეხვდნენ. ახალ ალიანსს „ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული რენესანსი“ უწოდეს. ინფორმაციას „ვრონიუსი“ ავრცელებს.
ალიანსის წევრი სამეული შემდგომ შეხვედრას მაისში, სავარაუდოდ ვარშავაში გამართავს. ბუდაპეშტში შეხვედრამდე მატეო სალვინიმ თქვა, რომ ალიანსის შექმნის მიზანი „ევროპული დიდებისა და მისი ნამდვილი ღირებულებების დაბრუნებაა“.
ვიქტორ ორბანი და მატეუშ მორავიეცკი მემარჯვენე მთავრობებს ხელმძღვანელობენ, რომელთა კანონმდებლობას ანტილიბერალური და ავტორიტარული ტენდენციების გამო ევროკომისია და ევროპარლამენტი ხშირად აკრიტიკებენ. სალვინის „ლიგას“ იტალიის ახალ სამთავრობო კოალიციაში სამი მინისტრი ჰყავს, თუმცა თავად სალვინი მთავრობაში არ შესულა.