უნგრეთის თავდაცვის მინისტრი – უნგრეთის ინტერესები ემთხვევა მოკავშირეების ინტერესებს და ნდობა უნდა აღდგეს, ჩვენ რუსებს კარს ვუხურავთ
უნგრეთმა მოკავშირეებთან ნდობა უნდა აღადგინოს. რაც შეეხება რუსებს, ჩვენ მათ კარს ვუხურავთ, – ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა, რომულუშ რუსინ-სენდიმ ბუდაპეშტში გამართული ენერგეტიკისა და სტრატეგიის მოლაპარაკებების პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
კითხვაზე, რა არის მისი ამჟამინდელი თავდაცვის პრიორიტეტი, მინისტრმა უპასუხა, რომ უნგრეთის მთავრობას ახალი სტრატეგია სჭირდება, სადაც უნდა გაითვალისწინონ როგორც ერის, ასევე მისი მოკავშირეების ინტერესები და ღირებულებები.
რუსინ-სენდიმ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ბოდიშის მოხდა ზოგიერთი მოკავშირისთვის, მათ შორის ფინეთისთვის, რომლის ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთის წინა მთავრობამ გადადო.
„უნგრეთის ინტერესები ემთხვევა მოკავშირეების ინტერესებს და ნდობა უნდა აღდგეს. ჩვენ რუსებს კარს ვუხურავთ“, – განაცხადა რომულუშ რუსინ-სენდიმ.
უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, ქვეყნის მშპ-ის 5% დახარჯოს თავდაცვაზე. მისივე თქმით, ეს გეგმა ეტაპობრივად შესრულდება 2035 წლამდე, რადგან მის მთავრობას წინა ხელისუფლებისგან „მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა“ ერგო.