უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა. ვიქტორ ორბანმა და პარტია “ფიდესმა” ამომრჩეველთა ხმების თითქმის 50%-ი მიიღო. საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 93%-ი უკვე დათვალა. ეს ნიშნავს, რომ 54 წლის ორბანი, სავარაუდოდ, მეოთხედ დაიკავებს უნგრეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობას. მისი პარტია კი 199 ადგილიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას შეინარჩუნებს.
როგორც ვიქტორ ორბანმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, “უნგრელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი თავი და სამშობლო”.
არჩევნების შედეგების გასაჯაროების შემდეგ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თანამდებობა დატოვეს.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა პარტია “იობიკი” – 20 %-ით, მესამეზე სოციალისტები – 12%-ით, ხოლო მეოთხეზე მწვანეები – 7%-ით.
ვიქტორ ორბანი 2010 წლიდან იკავებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ის ცნობილია კრიტიკული პოზიციით ევროკავშირის მიერ ინიცირებული მიგრანტთა განსახლების გეგმის მიმართ. ორბანი ბრიუსელს ხშირად აკრიტიკებს და ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან.