უნგრეთის პრეზიდენტი - უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ბარბაროსული ქმედებები ჩაიდინა
უნგრეთის პრეზიდენტი - უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ბარბაროსული ქმედებები ჩაიდინა

უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულთა გამოძიებას ითხოვს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კატალინა ნოვაკმა საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონ Save Ukraine – #StopWar-ის ეთერში განაცხადა.

„უნგრეთი ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის აგრესიას და შეიარაღებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვითხოვთ ყველა სამხედრო დანაშაულის გამოძიებას და მათ დასჯას, ვინც ჩაიდინა ეს ბარბაროსული ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, უკრაინიდან 700 ათასზე მეტი ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ.

„ჩვენ გავაგრძელებთ დაჭრილთა დახმარებას, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ბავშვებისთვის განათლებაზე წვდომის და ჩამოსული ოჯახების სახლებით, საკვებით, სამსახურით უზრუნველყოფას, რამდენი ხანიც იქნება საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.