უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირში დაზარალებული ეკონომიკების დახმარებაზე ჰოლანდიის გამო ვერ თანხმდებიან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირში დაზარალებული ეკონომიკების დახმარებაზე ჰოლანდიის გამო ვერ თანხმდებიან.
ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს მასთან ცუდი დამოკიდებულება აქვს.
„არ ვიცი, რა პიროვნული მიზეზი აქვს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს, რომ ვერ მიტანდეს მე ან უნგრეთს, თუმცა ის ხისტად გვიტევს. მე არ მიყვარს თითის გაშვერა, თუმცა ამ არეულობაზე პასუხისმგებელია ჰოლანდია, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მებრძოლია“, – განუცხადა მედიას ორბანმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წევრების ნაწილი „კოვიდ-19“-ით დაზარალებული ეკონომიკებისთვის 750 მილიარდი დოლარის ფონდის გამოყოფას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ფინანსურ დახმარებას არ უნდა იღებდნენ.
უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყნებს, რომლებსაც კანონის უზენაესობა და პოლიტიკური დემოკრატია მემკვიდრეობით ერგოთ, არ გამოუცდიათ ის, რაც უნგრეთმა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა კომუნიზმთან ბრძოლის დროს გაიარეს.