უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ქრისტიანობას ევროპის უკანასკნელ იმედს უწოდებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ქრისტიანობას ევროპის უკანასკნელ იმედს უწოდებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ქრისტიანობას ევროპის უკანასკნელ იმედს უწოდებს.

როგორც ყოველწლიური მიმართვის დროს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში პოლიტიკოსებმა მიგრანტებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით, ქრისტიანობის დაცემასა და ისლამის გავრცელებას გაუხსნეს გზა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა შეეწინააღმდეგება გაერო-სა და ევროკავშირის გეგმას, რომელიც მიგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

„სიტუაცია ისეთია, რომ საფრთხე მოდის დასავლეთიდან, პოლიტიკოსებისგან ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში. მათ სურთ, რომ ჩვენ მათი პოლიტიკა მივიღოთ, რომელმაც მათი ქვეყნები იმიგრანტების ქვეყნებად აქციეს და ქრისტიანობის დაცემასა და ისლამის გავრცელებას გაუხსნეს გზა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მან ევროპაში თანამოაზრეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„არ ვფიქრობ, რომ ბრძოლა უიმედოა, პირიქით, ჩვენ ვიგებთ. ვიშეგრადის ოთხეული მტკიცედ დგას, ხორვატია შემოგვიერთდა, ავსტრია პატრიოტული მიმართულებისკენ შემობრუნდა, ბავარიაში კი ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ინტელექტუალური და პოლიტიკური წინააღმდეგობა შექმნა“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა წარმოშობით უნგრელი ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი გააკრიტიკა.

„მას სურს, რომ მიგრაცია ყველგან მისაღები იყოს, თუმცა ეს არ გამოვა. ჩვენ მარტოები არ ვართ და ვიბრძოლებთ სოროსის გეგმის შესაჩერებლად, რომელიც მან ბრიუსელსა და გაერო-ში წარადგინა.

ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, თუ საკმარისი მოკავშირეები გვეყოლება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამას გარდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმ არაკომერციულ ორგანიზაციებს დახურვით დაემუქრა, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან.
„თუ ისინი არ შეწყვეტენ თავიანთ საშიშ საქმიანობას, ჩვენ მათ ქვეყნიდან გავაძევებთ, როგორი გავლენიანი და მდიდარიც არ უნდა იყვნენ ისინი“, – განაცხადა ორბანმა.

20 თებერვალს, უნგრეთის პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც იმ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან.

კერძოდ, პროექტი ორგანიზაციების მიერ საზღვარგარეთიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზე 25-პროცენტიანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის წევრთა ხმების ორი-მესამედი. კენჭისყრა სავარაუდოდ 8 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.
თუ ამ არჩევნებში პარტია „ფიდესი“ გაიმარჯვებს, ვიქტორ ორბანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს.