უნგრეთის პარლამენტმა კანონი „შეაჩერე სოროსი“ დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა კანონი „შეაჩერე სოროსი“ დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა „შეაჩერე სოროსის” სახელით ცნობილი კანონპროექტი, რომელიც მიგრანტების დახმარებისთვის სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აქტივისტებს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხმარებიან, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამავე დროს, საკანონმდებლო ცვლილებები უნგრეთში თავშესაფრის მიღების წესებს ამკაცრებს.

პარლამენტმა ასევე დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომლის მიხედვითაც, „უცხოელები ვერ დასახლდებიან უნგრეთში“.

აღნიშნული შესწორება უნგრეთის მთავრობამ მიგრანტების კვოტირების სისტემით გადანაწილების ევროკავშირის გეგმის გამო მიიღო. ვიქტორ ორბანის მთავრობა კატეგორიულ უარს აცხადებს იტალიასა და საბერძნეთში ჩასული თავშესაფრის მაძიებლების ნაწილის მიღებაზე.

შეგახსენებთ, აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს. წინასაარჩევნო კამპანიისას ორბანი ხშირად აკრიტიკებდა ამერიკელ მილიარდერს, ჯორჯ სოროსს და ლიბერალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ორბანი სოროსს ევროპაში მასობრივი იმიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ახალი კანონი გააკრიტიკეს ევროსაბჭოსა და ეუთო-ში, სადაც განაცხადეს, რომ დოკუმენტი ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მანამდე, უნგრეთის ხელისუფლებას ვენეციის კომისიამ მიმართა და კანონის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.