უნგრეთის მთავრობა კანონპროექტს „შეაჩერე სოროსი" პარლამენტს ივნისში წარუდგენს
უნგრეთის მთავრობა  კანონპროექტს „შეაჩერე სოროსი"  პარლამენტს ივნისში წარუდგენს

უნგრეთის მთავრობა პარლამენტს „შეაჩერე სოროსის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს ივნისში წარუდგენს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, ანტალ როგანმა განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა პარლამენტში ახლადმიღებულ მანდატს კანონპროექტის გასამკაცრებლად გამოიყენებს.

„ჩვენ უფრო ხისტი შეთავაზებები გვჭირდება, ვიდრე ისინი, რომლებიც ახლა არის პარლამენტისთვის წარდგენილი“, – განაცხადა როგანმა.

კანონპროექტი „შეაჩერე სოროსი“ უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში შესაძლებელი იქნება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან.

აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებდა, რომ უნგრეთში 2000 დაფინანსებული ადამიანია, რომლებიც მთავრობის დასამხობად და ჯორჯ სოროსისთვის მისაღები პროიმიგრაციული კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად მუშაობენ.

ბოლო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიქტორ ორბანს სოროსის ფონდის დახურვის სურვილი საჯაროდ არაერთხელ გამოუთქვამს .