უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას დღემდე ბლოკავს – ახალი კლასტერების გახსნას მადიარი მხარს არ უჭერს
ბუდაპეშტში, ნაციონალისტური პარტია „ფიდესის“ შტაბ-ბინის თავზე, უნგრეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. 2026 წლის 21 ივლისი
უნგრეთი ჯერ არ არის მზად, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი კლასტერების გახსნას მწვანე შუქი აუნთოს. ამის მიზეზად ბუდაპეშტი უკრაინის მიმართ უნგრული საზოგადოების განწყობებს და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებს ასახელებს.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (Suspilne) ბრიუსელის დიპლომატიურ წრეებში არსებული წყაროებიდან შეიტყო.
უნგრული მხარე საკუთარ პოზიციას ქვეყნის შიგნით არსებული საზოგადოებრივი განწყობებით ხსნის. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში წარმოებული ანტიუკრაინული რიტორიკის შემდეგ, უნგრული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის მიმართ დღემდე სკეპტიკურად არის განწყობილი. ამიტომ, უნგრეთის მოქმედი მთავრობა კი არ ჩქარობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც შიდა აუდიტორიაში, შესაძლოა, არაპოპულარული აღმოჩნდეს.
ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე უკვე რამდენჯერმე სცადეს უკრაინის კანონმდებლობის შეფასების შედეგების დამტკიცება მე-2 („შიდა ბაზარი“) და მე-3 („კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“) კლასტერების მიხედვით. ეს აუცილებელი ნაბიჯი და პროცედურაა ამ კლასტერებზე მოლაპარაკებების გასახსნელად.
თუმცა, უნგრეთი კატეგორიულ ამბობს უარს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე. ბოლო ასეთი შემთხვევა 8 სექტემბერს დაფიქსირდა. ბუდაპეშტი თავის პოზიციას ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის ირგვლივ არსებული ვითარებით ხსნის.
გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ამ საკითხში უკრაინის მხრიდან საკმარის პროგრესს ვერ ხედავს.
თავის მხრივ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარში, პროგრესის ნაკლებობა უარყო.
„მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გამო კლასტერების გახსნის დაბლოკვა არასწორია. ეროვნული უმცირესობების საკითხი პირველი კლასტერს მიეკუთვნება და არანაირი კავშირი არ აქვს მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნასთან. პირველ კლასტერში კი არ არსებობს შეუსრულებელი პირობები, რაც მომდევნო კლასტერების გახსნას შეაფერხებდა“, – განაცხადა ჩენცოვმა.
ბრალდებას, თითქოს, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში უკრაინას პროგრესი არ აქვს, არც ევროკომისია ეთანხმება.
„ევროკომისია იმედოვნებს, რომ უკრაინა გააგრძელებს სამოქმედო გეგმის თანმიმდევრულ შესრულებას დადგენილ ვადებში და ეროვნული უმცირესობებისა და თემების წარმომადგენლებთან დიალოგის ფარგლებში. ასევე დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული სულისკვეთებით გაგრძელდება. უკრაინას აქვს პროგრესი აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების კუთხით“, – აღნიშნეს ევროკომისიაში.
ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუდაპეშტს კიევისთვის ჯერ არ წამოუყენებია არანაირი კონკრეტული მოთხოვნა, რომლის შესრულებაც მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას გახდიდა შესაძლებელს.
8 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე უნგრეთთან და ევროკავშირთან შეხვედრებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მართავს, რათა მოლაპარაკებების პროცესში „ხელოვნური შეფერხებები“ თავიდან აიცილოს.
„დასანანია, თუმცა დახურული დისკუსიების დროსაც კი, სადაც უნგრეთი კლასტერების გახსნას არ დაეთანხმა, მათი შენიშვნები მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვერც კი ვხვდებით, კვლავ რატომ გვიქმნიან დაბრკოლებებს“, – აღნიშნა ტიხიმ.
უკრაინის მთავრობის მიზანია, მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გახსნა 2026 წლის ბოლომდე მოახერხოს. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ამ შესაძლებლობაზე ადრე უკვე ისაუბრა.
როგორც დიპლომატიურ წრეებში უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის წყაროები ამბობენ, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების, კერძოდ კი გერმანიის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი ამ ეტაპზე არ არის მზად, კლასტერების გახსნის პროცესს უახლოეს მომავალში მწვანე შუქი აუნთოს.
მადიარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობასაც ეწინააღმდეგება და დასძინა, რომ ომის გამო, ეს ქვეყანა წევრობისთვის, სავარაუდოდ, „მზად არ არის“.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
„საქმე მხოლოდ მთლიანად დამსახურებაზე დაფუძნებულ გაწევრიანებას ეხება“, – განაცხადა ტიხიმ.
რა არის ცნობილი უნგრეთის მხრიდან კლასტერების გახსნის ბლოკირების შესახებ?
როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საკუთარი წყაროებიდან გახდა ცნობილი, უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერების გახსნის დაბლოკვას განაგრძობს.
1 სექტემბერს, ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, უნგრეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბუდაპეშტმა შესაძლოა შეცვალოს პოზიცია, თუ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კანონმდებლობის განხორციელებაში პროგრესს მიაღწევს. თუმცა, უნგრულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, კიევისგან რა სახის პროგრესს ელოდება.
ევროკავშირი ამ საკითხს ერთ-ერთ მომავალ შეხვედრაზე დაუბრუნდება. ამჟამად უკრაინისთვის, ოფიციალურად, მოლაპარაკებების პირველი და მეექვსე კლასტერები არის გახსნილი.