უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გაგრძელდება მუშაობა კანონპროექტზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უნდა დაარეგულიროს.
„მუშაობა უკვე დაწყებულია იმ კანონის შემუშავებაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს დაარეგულირებს. პრინციპებთან დაკავშირებით წინა სხდომებზე ძალიან მნიშვნელოვანი გუნდური გადაწყვეტილებები მივიღეთ. სხდომა სავარაუდოდ კიდევ დაგვჭირდება, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული პოზიციები და ის მოდელი, რომლის განხილვასაც მომავალში ვგეგმავთ, მაქსიმალურად იყოს შეჯერებული.
ახალი კონსტიტუციის ფარგლებში ვრჩებით, როდესაც საქმე სასამართლოს სისტემას ეხება. ჩვენს საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება, რომ მოსამართლეების კანდიდატურების განხილვა, შერჩევის პროცესს თვალი მიადევნოს, კითხვები დაუსვას, პასუხები მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ, პარლამენტი თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალურად იმსჯელებს, კენჭისყრა ინდივიდუალურად ჩატარდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.