უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები დაამარცხეს #1TVSPORT
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები დაამარცხეს #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და 40:38 გაიმარჯვა.

თამაში მოულოდნელად დაიწყო, ცენტრიდან აგდებული ბურთის შემდეგ ინგლისელებმა კარგად ისარგებლეს ქართველი მორაგბეების უყურადღებობით და მეხუთე წამზე პირველი ლელო დადეს. ამის შემდეგ სტუმრებმა საკმაოდ მაღალ ტემპში განაგრძეს თამაში და ხუთ წუთში კიდევ ერთი ლელო მიითვალეს.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავი ხუთწუთიანი მონაკვეთი შესთავაზეს გულშემატკივარს, რომელიც ორი ლელოთი (ხუროშვილი, ხუციშვილი) დააგვირგვინეს და ანგარიში გაათანაბრეს.

27-ე წუთისთვის ქართველები კაცნაკლულნი დარჩნენ, ნიკა ამაშუკელმა მოედნიდან 10 წუთით თორნიკე კახოიძე გააძევა. რიცხვობრივი უპირატესობით ინგლისელებმა კარგად ისარგებლეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს. ტაიმის ბოლომდე ნიკა ლომიძემ ერთი ლელო გაქვითა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 21:24 დათმო.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების მორაგბებმა აქტიურად შეუტიეს და 50-ე წუთზე ლუკა კოტირაშვილმა შესანიშნავი ლელოთი ქართველები დააწინაურა 28:24.

შეხვედრის დასკვნითი მონაკვეთი ქართველმა მორგბეებმა შესანიშნავად ჩაატარეს. ანდრო დვალმა დუბლი შეასრულა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე უმცროსი „ბრჯღალოსნები“ 40:31 დაწინაურდნენ.

თამაშის დასრულებამდე ქართველმა მორაგბეებმა კარგად მოახერხეს თავის დაცვა, დარჩენილ დროში ინგლისელებმა მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოხერხეს და საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 40:38.

მორაგბეები ახლა რამდენიმე დღე დაისვენებენ, 5 ივნისიდან კი დასკვნითი შეკრება დაიწყება, რომელიც 9 ივნისამდე გასტანს. შეკრების შემდეგ სამწვრთნელო შტაბი მსოფლო თასისთვის საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს და გუნდი 13 ივნისს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.

ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).