უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ და მსოფლიო თასზე გამოსვლა მერვე ადგილზე დაასრულეს #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ და მსოფლიო თასზე გამოსვლა მერვე ადგილზე დაასრულეს #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალი ზელანდიის გუნდს შეხვდა 26:50 დამარცხდა და საბოლოოდ მსოფლიო თასაზე მერვე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.


საქართველო-ახალი ზელანდია  26:50


ლელო: მიქაძე, ხონელიძე (2), აფციაური – ტუნგიტაუ (2), სტოდარტი, ლაკაი, ჰოტამი, კლარკი

გარდასახვა:  ხუციშვილი (3) – კემარა (6)

ჯარიმა: კემარა

სინბინი: ბენ აკე, ვრამპლინგი – აფციაური

 

ზელანდიელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთზე ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის დარჩენილი დროც ზელანდიელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა – პირველ ტაიმში ხუთი ლელო დადეს, რასაც უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ორით უპასუხეს. ტაიმი ზელანდიელებმა 33:14 მოიგეს.

მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა გაცილებით უკეთესად ჩაატარეს. ტაიმის დასაწყისში ზელანდიელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, რითაც საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და 57-ე წუთზე აფციაურმა მესამე ლელო დადო, რომელიც ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ განაგრძობდნენ შეტევაში აქტიურად თამაშს და 63-ე წუთზე ხონელიძემ დუბლი შეასრულას, შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელო დადო.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ზელანდიელები ისევ გააქტიურდნენ. 70-ე წუთზე შეტევაში წასულ ქართველ მორაგბეებს მათი კონტრშეტევა გამოეპარათ, კალრკმა კი ამით კარგად ისარგებლა და მეექვსე ლელოს დადება მოახერხა.

ბოლო წუთზე არბიტრმა შაკო აფციაურს ყვითელი ბარათი აჩვენა, რიცხვობრივი უპირატესობით ზელანდილებმა კარგად ისარგებლეს და საჯარიმო ლელოც გამოიმუშავეს. საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა, შედეგად მსოფლიო თასი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს, საქართველოს ნაკრები კი მერვე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.