უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა თავდაპირველად – 11, მოგვიანებით კი კიდევ 10 დრონი ჩამოაგდეს. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმების გამო მოსკოვის რამდენიმე აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
ბაშკირეთის ხელმძღვანელის, რადი ხაბიროვის განცხადებით, უფაზე ექვსი დრონით იერიში განხორციელდა. მისი თქმით, ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, ერთი სამრეწველო ზონაში ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია, კიდევ ერთი კი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ნიჟნი ნოვგოროდის ოლქიდანაც ვრცელდება. ოლქის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის განცხადებით, ღამით რეგიონზე 52 დრონის თავდასხმა მოიგერიეს.
მისივე თქმით, დაზიანდა ორი კერძო სახლი, მრავალბინიან შენობაში ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა ავტომობილები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ამასთან, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის სამხედროების მიერ განხორციელებულ დრონების იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. უკრაინის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, დაზიანდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები.