უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიებაში ირანმა უკრაინასთან თანამშრომლობა შეწყვიტა
უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიებაში ირანმა უკრაინასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. თეირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინულმა ტელეკომპანიამ „1+1“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ მტკიცდება, რომ რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ირანმა თავიდანვე იცოდა.
უკრაინულმა მედიამ საკონტროლო ანძის და ერთ-ერთი პილოტის საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც ავიაკატასტროფის დროს სხვა თვითმფრინავით აეროპორტში ეშვებოდა. ჩანაწერში მფრინავი ამბობს, რომ ცაში რაკეტის ცეცხლის მსგავსი ნათება დაინახა და შემდეგ აფეთქება მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებაზე ირანმა ადრეულ ეტაპზევე იცოდა. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ირანმა უკრაინა ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თეირანში თქვეს, რომ უკრაინელებს საქმის მასალებს აღარ გაუზიარებენ.
ირანმა უკრაინული ავიალაინერი 8 იანვარს ჩამოაგდო. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. ფატალურ ინციდენტს ყველა მგზავრი ემსხვერპლა.