უკრაინული მხარე ჟურნალისტების კიევში შესვლის აკრძალვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის
უკრაინული მხარე ჟურნალისტების კიევში შესვლის აკრძალვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის

კიევში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთვის ცნობილია იმ ფაქტის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსა და საკონსულო წარმომადგენლობას, როგორც ელჩის, ასევე კონსულის დონეზე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, კერძოდ შესაბამის სამსახურებთან.

“უკრაინულ მხარე მედიის წარმომადგენლებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების გარემოებებიდან გამომდინარე ხსნის. ასევე საელჩო აქტიურ კავშირზეა თავად ქართველ ჟურნალისტებთან, რათა მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი შეუფერხებლად მოხდეს. კონსული ამ წუთებშიც კიევის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება”, – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პირველი არხის ჯგუფი – ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, ოპერატორი ზაზა შუკვანი და ჩართვის ტექნიკოსი ლევან გულბანი კიევში არ შეუშვეს. კიევში ასევე არ შეუშვეს სხვა ტელევიზიების გადამღები ჯგუფი.

ამასთან, პირველი არხის გადამღები ერთი ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ჩავიდა, კიევში მუშაობას განაგრძობს.