უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი 9 მაისს უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, კიევს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ბუნდესტაგის სპიკერი ეწვევიან
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 10 მაისს უკრაინას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ კიევს ანალენა ბერბოკი ეწვეოდა.
„ევროპეისკაია პრავდა“ რამდენიმე დღის წინ გამოცემა Tagesschau-ზე დაყდნობით წერდა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას არ აპირებს, ვიდრე უკრაინის დედაქალაქს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არ ესტუმრება. ოლაფ შოლცმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უპრეცენდენტო მოვლენად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უკრაინულმა მხარემ კიევში ჩასვლაზე უარი განუცხადა, რაც, მისი თქმით, ხელს უშლის კიევში მის ვიზიტს. შოლცმა აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნას, როგორიც გერმანიაა, რომელიც უკრაინას დიდ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს, არ უნდა უთხრან უარი პრეზიდენტის ჩასვლაზე.
მედიის ცნობით, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი და რუსეთისთვის სიმბოლურ დღეს – 9 მაისს კიევს ეწვიოს.
ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ კვირას უკრაინაში გერმანიის ბუნდესტაგის სპიკერს, ბარბელ ბასს ელოდებიან, რომლიც გერმანიის ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირი იქნება, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინას ეწვევა.
უკრაინული გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, კიევსა და ბერლინს შორის დაძაბულობა გამოიწვია შტაინმაიერისთვის კიევში ჩასვლაზე უარმა. უკრაინულმა მხარემ მის მიღებაზე უარი თქვა რუსეთთან წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობის გამო და მიიწვია კანცლერი შოლცი.