მედიის ცნობით, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნოემბერში შეიქმნება
მედიის ცნობით, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნოემბერში შეიქმნება

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნოემბერში შეიქმნება. ინფორმაციას golos.ua ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 15 ნოემბერს კიევში ჩავა მიტროპოლიტი იმანუილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანებულ კრებას უხელმძღვანელებს. სწორედ ამ ეპისკოპოსების კრებაზე უნდა აირჩიონ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური.

ამჟამად ცნობილია, რომ კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი და მიტროპოლიტი მაკარი ამ თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობენ. მათ შესაბამისი პირობა წერილობით დადეს, რათა კრებაზე გადაწყვეტილება უფრო თავისუფლად იყოს მიღებული.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მომავალი მეთაურის კანდიდატის ვინაობას ამ დრომდე არც კიევში და არც მსოფლიო საპატრიარქოში ასახელებენ.

Golos.ua-ს ცნობით, გაერთიანებული კრება, სავარაუდოდ, 22 ნოემბერს გაიმართება. ამ დროისთვის მზად იქნება ტომოსიც, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას უნდა მიანიჭოს.

სტამბოლში მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა, სადაც უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას ტომოსს მსოფლიო პატრიარქი გადასცემს 28-29 ნოემბერს შედგება.