უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკში, ქალაქ ნიკოპოლის მიმართულებით 40 რეაქტიული ჭურვი გაუშვეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკში, ქალაქ ნიკოპოლის მიმართულებით 40 რეაქტიული ჭურვი გაუშვეს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობს. როგორც უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ჯარისკაცებმა იერიში სცადეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდან. ასევე რუსი სამხედროები ცდილობენ დონეცკის რაიონის დასავლეთით კონტროლირებადი ტერიტორია გააფართოონ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ცხრა კი დაიჭრა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ქალაქ ტორეცკშია, სადაც რუსმა სამხედროებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშები განხორციელდა დნეპროპეტროვსკზე. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ნიკოპოლის მიმართულებით 40 რეაქტიული ჭურვი გაუშვეს. სულ ნიკოპოლში რუსების იერიშების შედეგად დაზიანებულია 10 სახლი. მსხვერპლი არ არის. ნიკოპოლის ერთ-ერთ საწარმოში კი ხანძარი გაჩნდა.

დღეს დილით ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ ნოკოლაევში, თუმცა მომხდარის დეტალები ჯერ არ გაუვრცელებიათ.

მედიის ცნობითვე, რუსებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეშიც. სამიზნე იყო ინფრასტრუქტურული ობიექტი. მსხვერპლი არ არის.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის კუთვნილი საბრძოლო მასალის რამდენიმე საწყობი გაანადგურეს ხერსონის ოლქში. მათ შორის განადგურებულია ეს-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, რადიოლოკაციური სადგური და ცხრა ერთეული ჯავშანმანქანა. ლიკვიდირებულია 39 ოკუპანტი.