უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს და საჰაერო განგაში ჯერ კიდევ გრძელდება. კიევში მასშტაბური აფეთქებების ხმა ისმის.
უკრაინელმა სამხედროებმა კიევში ირანული წარმოების ცხრა ერთეული „შაჰედის“ უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ნიკოლაევის რეგიონშიც განახორციელა.
პარალელურად, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ ექვსი დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში. ასევე, განხორციელდა სამი დარტყმა მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.