უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს დასახლებული ზონის დასაბომბად „ეს 300“-ის სისტემის რაკეტები გამოიყენეს.

დაბომბვის შედეგად, 33 კერძო სახლი დაზიანდა, ერთი კი მთლიანად განადგურდა.

მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიის 40 შეტევა მოიგერია. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ქალაქი სრული კონტროლის ქვეშ მოაქციონ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს რუსი სამხედროების ცოცხალი ძალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის 11 უბანი, ელექტრონული ომის ხუთი სადგური, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა.