უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის რეგიონში საოკუპაციო ძალების მიერ დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები
უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის რეგიონში საოკუპაციო ძალების მიერ დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

„რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში.

ამასთან, პრესცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური ინფრასტრუქტურა, კერძოდ დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პრესცენტრის განცხადებით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა ოპერატიულად მოახდინეს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთა ევაკუაცია.