უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, საფოსტო ტერმინალში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მომხდარი სამართალდამცავმა ორგანოებმა ტერორისტულ აქტად შეაფასეს
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, საფოსტო ტერმინალში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მომხდარი სამართალდამცავმა ორგანოებმა ტერორისტულ აქტად შეაფასეს

კიევში, საფოსტო ტერმინალში აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

წინასწარი ინფორმაციით, კიევში, ობოლონის რაიონში მდებარე საფოსტო ტერმინალში აფეთქება ერთ-ერთი ამანათის შემოწმებისას მოხდა. შემთხვევის შედეგად 59 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი. უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტი ტერორისტულ აქტად შეაფასეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები, ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტები, მაშველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.

კიევის საქალაქო პროკურატურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულებულ ტერორისტულ აქტს გულისხმობს.

ამ ეტაპზე აფეთქების გამომწვევი მიზეზეზი უცნობია.