უკრაინული მედიის ცნობით, ისრაელში უკრაინის საელჩო ტიმურ მინდიჩზე თავდასხმის მცდელობას არ ადასტურებს
უკრაინული მედიის ცნობით, ისრაელში უკრაინის საელჩო ტიმურ მინდიჩზე თავდასხმის მცდელობას არ ადასტურებს

ისრაელში უკრაინის საელჩო ტიმურ მინდიჩზე თავდასხმის მცდელობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის საელჩოში განუცხადეს.

ამასთან, მედიის ცნობით, ისრაელის სამართალდამცველ ორგანოებს არ მიუღიათ შეტყობინება ბიზნესმენზე თავდასხმის მცდელობის შესახებ.

მანამდე უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ბიზნესმენმა იგორ კოლომოისკიმ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება განიხილებოდა, განაცხადა, რომ ტიმურ მინდიჩზე ისრაელში წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. კოლომოისკის მტკიცებით, ეჭვმიტანილები დააკავეს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარი, სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელი, ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიების ფიგურანტია. ის, სავარაუდოდ, ისრაელშია გაქცეული. მინდიჩი კომპანია „ენერგოატომში“ მასშტაბური კორუფციული სქემის ორგანიზატორად სახელდება. უკრაინაში მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.