უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, რამდენიმე რეგიონში აფეთქებები მოხდა
უკრაინული მედია რუსეთზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შესახებ იუწყება. „უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, 2 აგვისტოს, ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონში აფეთქებები მოხდა, რასაც თან ახლდა საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურება.
თვითმხილველები საუბრობენ დრონების შეტევაზე და დიდ ხანძარზე ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მათივე ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც მასშტაბური ხანძრი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. კადრებში ისმის უპილოტო საფრენი აპარატების ძრავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების სროლის მსგავსი ხმები.
სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დაადასტურა დრონებით დარტყმა ნოვოკუიბიშევსკში. „დღეს დილით მტრის დრონებმა დაარტყეს ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტს ნოვოკუიბიშევსკში. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურები“, – დაწერა მან თავის ტელეგრამარხზე.
ოლქში დროებით შეიზღუდა მობილური ინტერნეტის მუშაობა და სამარის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა ოპერირება.
დრონებმა, სავარაუდოდ, ასევე დააზიანეს ქალაქ პენზაში მდებარე სააქციო საზოგადოება „ელექტროპრიბორი“. უკრაინული მედიის ცნობით, ეს არის საწარმო, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სექტორთან და სპეციალიზებულია რაკეტების მართვის და კავშირის სისტემების ელემენტების წარმოებაში. მასთან ახლოს მდებარეობს რუსეთის ერთადერთი სამხედრო ქარხანა, რომელიც აწარმოებს საბრძოლო მოქმედებების მართვის პუნქტებს საჰაერო თავდაცვის დანაყოფებისთვის – „რადიოქარხანა“, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე დაზიანდა.
ადგილობრივები საუბრობენ აფეთქებებსა და საჰაერო თავდაცვის მუშაობაზე რიაზანის ოლქშიც. თვითმხილველების თქმით, ოლქში მდებარე დიაგილევოს აეროდრომის მახლობლად ძლიერი აფეთქებები მოხდა. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ „ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩამოაგდეს დრონი“. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა, ხოლო დრონის ნამსხვრევები საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.
დრონებით შეტევისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ იუწყებიან ლიპეცკისა და ვორონეჟის ოლქების მცხოვრებლებიც.