უკრაინული მედიის ცნობით, დააკავეს ორი გენერალი და პოლკოვნიკი, რომელთა დაუდევრობის გამო რუსეთმა 2024 წლის მაისში ხარკოვის ოლქის ტერიტორიის ნაწილის დაკავება შეძლო
დააკავეს ყოფილი სამხედრო მეთაურები – ორი გენერალი და პოლკოვნიკი, რომელთა დაუდევრობის გამო რუსეთმა 2024 წლის მაისში ხარკოვის ოლქის ტერიტორიის ნაწილის დაკავება შეძლო, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. უკრაინული მედიის თანახმად, საუბარია ბრიგადის გენერალ იური გალუშკინზე, გენერალ-ლეიტენანტ არტურ გორბენკოსა და პოლკოვნიკ ილია ლაპინზე.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ცნობით, დაკავებული არიან ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, „ხარკოვის“ ყოფილი მეთაურები, რომლის შემადგენლობაში შედის 125-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა და 23-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის 415-ე ცალკეული მსროლელი ბატალიონი.
გამოძიების თანახმად, მეთაურების ქმედებებმა გამოიწვია პერსონალის, იარაღის დაკარგვა და მათ პასუხისმგებლობის არეალში სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების ჩაშლა.
მასალებში აღნიშნულია, რომ სამხედრო მეთაურებმა ვერ შეაფასეს მტრის შესაძლებლობები ბრიგადის თავდაცვის ზონაში და არაადეკვატურად უპასუხეს მოწინააღმდეგის საბრძოლო პოტენციალისა და საფრთხეების გაძლიერებას. წარდგენილი ბრალდება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.