უკრაინული მედია – რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, საჰაერო განგაში წინასწარ არ გამოცხადებულა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, საჰაერო განგაში წინასწარ არ გამოცხადებულა, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მოსახლეობამ სარაკეტო საფრთხის შესახებ შეტყობინებები უშუალოდ აფეთქებამდე ან უკვე აფეთქებების დროს მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ პარტნიორებისგან მოსალოდნელი დარტყმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ. მომხდარის გარემოებებს შესაბამისი სამსახურები არკვევენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტა დესნიანის რაიონში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.