უკრაინული მედია - ანტიკორუფციული ბიურო მასშტაბურ ჩხრეკებს ატარებს ენერგეტიკის სფეროში კორუფციასთან დაკავშირებით, გამომძიებლები მივიდნენ ზელენსკის ახლო მოკავშირე ბიზნესმენის სახლშიც
უკრაინული მედია - ანტიკორუფციული ბიურო მასშტაბურ ჩხრეკებს ატარებს ენერგეტიკის სფეროში კორუფციასთან დაკავშირებით, გამომძიებლები მივიდნენ ზელენსკის ახლო მოკავშირე ბიზნესმენის სახლშიც

ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ენერგეტიკის ყოფილი და მოქმედი იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშენკოს სახლში, ასევე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება „ენერგოატომში“.

ამის შესახებ უკრაინული მედია ეროვნული ანტიკორუფციული სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„15-თვიანი სამუშაო და 1000-საათიანი აუდიოჩანაწერები. დოკუმენტურად გამოვლენილია მაღალდონიანი დანაშაულებრივი ორგანიზაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ უკრაინის პრეზიდენტის ახლო მოკავშირის, ტიმურ მინდიჩის სახლში. მინდიჩი არის ბიზნესმენი და სტუდია „კვარტალ 95“-ის ერთ-ერთი მფლობელი.

უკრაინული მედიის ცნობით, მინდიჩმა მის სახლში გამომძიებლების მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა უკრაინის ტერიტორია.