უკრაინული მედია - ალექსეი რეზნიკოვმა დასავლელ პარტნიორებს განუცხადა, რომ კიევს არ სურს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წამოწყება და ყირიმისა და დონბასის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს
როგორც უკრაინული მედია წერს, ცოტა ხნის წინ კიევში გაიმართა საიდუმლო ფორუმი „იალტა ევროპული სტრატეგია“, რომელში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც და უკრაინულ მხარეს გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, რამდენიმე უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა უარი განაცხადა მსგავსი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე.
„ჩვენ (ომის პერიოდში) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ, არ ვენდოთ არანაირ საუბრებს მშვიდობაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.
გარდა ამისა, რეზნიკოვმა განმარტა უკრაინის პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კიევი აღარ დასთანხმდება იმას, რაც მან ადრე რუსებს შესთავაზა.
„გავამხელ საიდუმლოს (ბელარუსსა და სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე) ჩვენ რუსებს ვუთხარით: მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და შესათანხმებლად, თქვენ უნდა გაიყვანოთ ჯარები 23-ში არსებულ მდგომარეობამდე. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ მათ უკვე არაერთხელ გადალახეს უკან არდაბრუნების წერტილი და ეს ვარიანტი დიდი ხანია, შეუძლებელია“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მედიის ინფორმაციით, ახლა კიევში დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას ითხოვენ.
„24 თებერვლის ვარიანტი არ არსებობს. მხოლოდ 1991 წლის პირველი დეკემბრის“, – განაცხადა რეზნიკოვმა.