უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, კიევის „დინამო“ სანდრო ფეიქრიშვილს აკვირდება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ტალანტს, 17 წლის ნახევარმცველს, სანდრო ფეიქრიშვილს კიევის „დინამო“ აკვირდება, ქართული კლუბი კი მზადაა, მოთამაშეს შეელიოს, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Sport.ua იუწყება.
„კიევის „დინამო“ ახალგაზრდა ნახევარმცველს აქტიურად აკვირდება. 17 წლის ქართველი ფეხბურთელის კლუბს, „დინამო თბილისს” ამჟამად ფინანსური პრობლემები აქვს და ამიტომ მზადაა, თავისი ტალანტი გაყიდოს. ფეხბურთელის ბედს კიეველთა ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იგორ კოსტიუკი განსაზღვრავს.
სანდრო „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ახალი წლის შემდეგ მან სტაბილურად დაიწყო ვარჯიში საქართველოს დედაქალაქის მთავარ გუნდთან ერთად, თუმცა ეროვნულ ლიგაში დებიუტი არ ჰქონია.
ფეიქრიშვილი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. შეუძლია, ითამაშოს საყრდენ ზონაში ან როგორც შემტევმა ნახევარმცველმა. მას რეგულარულად იწვევენ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში, სადაც რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა“, – წერს უკრაინული გამოცემა.
ფეიქრიშვილი 2023 წელს ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ მსოფლიოს ტოპ 60 ტალანტში დაასახელა. ის „დინამო თბილისის“ აკდემიაში 7 წლის წინ გადაიყვანეს.