„უკრაინსკაია პრავდა“ - იარაღის საერთაშორისო შესყიდვებზე მომუშავე უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიებმა 2022 წელს მილიარდობით გრივნა მიიღეს და კონტრაქტის პირობები არ შეასრულეს
„უკრაინსკაია პრავდა“ - იარაღის საერთაშორისო შესყიდვებზე მომუშავე უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიებმა 2022 წელს მილიარდობით გრივნა მიიღეს და კონტრაქტის პირობები არ შეასრულეს

იარაღის საერთაშორისო შესყიდვებზე მომუშავე უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიებმა თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტების ფარგლებში 2022 წელს მილიარდობით გრივნა მიიღეს და კონტრაქტის პირობები არ შეასრულეს, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ გამოძიებაში სათაურით „სპეცმოროდიორები. როგორ გაიტანეს იარაღის იმპორტიორებმა ქვეყნიდან მილიარდობით გრივნა ომის დროს“.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ იარაღის რამდენიმე იმპორტიორ კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. მათივე ცნობით, აღნიშნულ კომპანიებს შორისაა „სპეცტექნოექსპორტი“, „უკრსპეცექსპორტი“, „პროგრესი“ და „თავდაცვითი შესყიდვების სააგენტო“. მედიის ინფორმაციით, სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიებს თანხა სრულად წინასწარ გადაუხადა, თუმცა კომპანიებმა შეკვეთა არ შეასრულეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კონტრაქტების ნაწილის ფარგლებში მათ თანხები საზღვარგარეთ უცხოურ ფირმებს გადაურიცხეს.

როგორც მედია წერს, 2023 წლის დასაწყისში თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო მიმწოდებლების წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. „უკრაინსკაია პრავდამ“ სასამართლო რეესტრში, სულ მცირე, 30 მსგავსი სარჩელი იპოვა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, სარჩელები 8,9 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 225 მილიონი ევრო) ღირებულების შეუსრულებელ კონტრაქტებს ეხება. მედია წერს, რომ ამ თანხაში შედის როგორ კომპანიებისთვის სამინისტროს მიერ წინასწარ გადახდილი თანხები, ისე ჯარიმები და პირგასამტეხლო კონტრაქტების პირობების შეუსრულებლობისა და ვადაგადაცილების გამო.