უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მოსკოვი კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას დაჟინებით სთავაზობდა
უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსეთი დაჟინებით სთავაზობდა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ოლგა სტეფანიშინამ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან იყო საჯარო და არასაჯარო მცდელობები. უკრაინა არასოდეს დაშორებულა მოლაპარაკებებს, მაგრამ იმ დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს მიწაზე და აგრძელებს ყოველთვიურად, მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმათგან, რაც იყო თებერვალში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
სტეფანიშინა მიიჩნევს, რომ რუსები მოლაპარაკებებს უკრაინის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად სთავაზობენ.
„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ სცენარში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური დღის წესრიგის განხორციელებას და მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, როცა უკრაინისთვის შესაფერისი მომენტი დადგება“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.
მისი აზრით, უკრაინამ არსებული ვითარება ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უნდა გამოიყენოს.
„და მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება არა რუსულ ულტიმატუმებზე, არამედ იმაზე, რაც არა მხოლოდ დაასრულებს ომს, არამედ ხელს შეუშლის შესაძლო ომს ჩვენს ტერიტორიაზე, როდესაც რუსეთი შეძლებს რეზერვების აღდგენას“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეეხო. „ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ლავროვმა.