უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი - რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპაციაზე მორალური პასუხისმგებლობა გერმანიას და საფრანგეთს ეკისრებათ
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი - რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპაციაზე მორალური პასუხისმგებლობა გერმანიას და საფრანგეთს ეკისრებათ

რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპაციაზე მორალური პასუხისმგებლობა გერმანიას და საფრანგეთს ეკისრებათ, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა უკრაინულ „ფორბსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს და უკრაინას თავს მაშინ დაესხა, როდესაც გერმანიამ და საფრანგეთმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების ბლოკირება მოახდინეს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპაციაზე მორალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნებს ეკისრებათ.

დანილოვის განცხადებით, 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებს საფრანგეთი აწარმოებდა, შედეგად საქართველომ საკუთარი ტერიტორიის ნაწილი დაკარგა, საფრანგეთმა კი, სანაცვლოდ რუსეთისგან ვერტმფრენმზიდ „მისტრალზე“ მიიღო შეკვეთა.

დანილოვის თქმით, კიევში შეხვედრის დროს დახურულ კარს მიღმა გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებს ყოველთვის ახსენებს აღნიშნულს.