უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს პირები, რომლებიც მიკოლაევში სარაკეტო დარტყმებისთვის რუსეთს მონაცემებს აწვდიდნენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს პირები, რომლებიც მიკოლაევში სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად რუსეთს აწვდიდნენ მონაცემებს. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ პირები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
უკრაინული მხარის ცნობით, დაკავებულებს დავალებული ჰქონდათ რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნეების გამოვლენა, რომლებმაც მიკოლაევში გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.
„ბოროტმოქმედები მუდმივ ვიზუალურ მონიტორინგს ახორციელებდნენ მტრისთვის საინტერესო ობიექტების შესახებ და ინფორმაციას დახურული ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით კურატორს უგზავნიდნენ“, – ნათქვამია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
მათ მიეწერება მონაწილეობა ქალაქის გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტის განადგურებასა და დაზიანებაში, მათ შორის ქარხნების „ეკვატორის“, „კრისტალისა“ და „ოკეანის“, ასევე საწვავის საწყობების და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებაში.