უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პრეზიდენტის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა

22:27, 03.11.2026

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტის ყოფილ პრესსპიკერs, იულია მენდელს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.

მენდელს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებიან.

საქმე ეხება 111-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატს გულისხმობს და 436-2 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებს, რომლებიც ეხება „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამართლებას, კანონიერად აღიარებას ან უარყოფას, აგრეთვე მისი მონაწილეების განდიდებას“.

უკრაინული მედია წერს, რომ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომპლექსური ექსპერტიზისა და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მენდელი ძირგამომთხრელ საინფორმაციო საქმიანობას ეწეოდა.

უწყების განცხადებით, ის საჯარო გამოსვლებსა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მასალებს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის დისკრედიტაციას ახდენდა და კრემლის რეჟიმს ამართლებდა.

იულია მენდელი ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მედიის ცნობით, უკრაინის სამართალდამცავი უწყებები მის ძებნილთა სიაში გამოცხადებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამის საპროცესო ღონისძიებებს ატარებენ.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება იულია მენდელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

მსგავსი