უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს აფრთხილებს, არ გაავრცელონ რუსული ავიადარტყმების ადგილებიდან ფოტო და ვიდეო მასალა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს აფრთხილებს, არ გაავრცელონ რუსული ავიადარტყმების ადგილებიდან ფოტო და ვიდეო მასალა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს აფრთხილებს, არ გაავრცელონ რუსული ავიადარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია. როგორც უწყებაში აცხადებენ, მტრის დარტყმების ადგილებიდან ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელება დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, უცხოელი ჟურნალისტების შემთხვევაში, ჯაშუშობის, ხოლო უკრაინელების შემთხვევაში, სამშობლოს ღალატის მუხლით.

შესაბამისი განცხადება დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ლვოვის ოლქის წარმომადგენელმა როკსოლანა იავორსკაიამ გააკეთა. მისი თქმით, როდესაც ჟურნალისტები ავრცელებენ ცნობებს, საიდან მოფრინავს რაკეტა და რა სამიზნეს ხვდება, ისინი ეხმარებიან მტერს ცეცხლის კორექტირებაში.

„ჩვენ გვყავს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება, თქვენი პუბლიკაციების გამო დაიღუპონ“, – განაცხდა როკსოლანა იავორსკაიამ.

მედიის ცნობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სამხედრო ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს. კერძოდ, იკრძალება უკრაინელი სამხედროების გადაადგილების, სარაკეტო დარტყმების ადგილების, ქუჩების სახელწოდების, ტრანსპორტის გაჩერების, მაღაზიების, ქარხნების და სხვა სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტების ფოტო ან ვიდეო გადაღება. ამავე განკარგულებით, იკრძალება უცხოელი პარტნიორების სამხედრო დახმარების გადაადგილების გადაღება. აკრძალვის დამრღვევ პირს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.