უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ესპანეთში დააკავეს ბლოგერი, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ესპანეთში დააკავეს ბლოგერი, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

ესპანეთში უკრაინელი პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი დააკავეს, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, ესპანეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა შარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გენერალური პროკურორის ოფისთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად 4 მაისს დააკავეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ანატოლი შარის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს – სახელმწიფო ღალატი და რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაცია.

„დაკავება მორიგი მტკიცებულებაა, რომ უკრაინის ყოველი მოღალატე ადრე თუ გვიან დამსახურებულ სასჯელს მიიღებს. ეს გარდაუვალია“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ანატოლი შარი საინფორმაციო სფეროში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. არის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ანატოლი შარი მოქმედებდა უცხოური სტრუქტურების დაკვეთით“, – აღნიშნეს უსაფრთხოების სამსახურში.