უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 15 დეკემბრის სამიტზე უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას
უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 15 დეკემბრის სამიტზე უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
შესაბამის მიმართვას რადას 292-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უკრაინის რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ასევე საერთო ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლაში.
ამასთან, რადა მიმართავს ევროპულ პარლამენტებს თხოვნით, მხარი დაუჭირონ უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობას რუსეთის ფართომასშტაბური აგრესიის პირობებში ევროკომისიის მიერ წარდგენილი უკრაინის მხარდაჭერის ინსტრუმენტის დამტკიცების გზით.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მშვიდობის ევროპული ფონდის ფარგლებში. ასევე, რადა სთხოვს ევროკავშირს, გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა სანქციების ახალი პაკეტების მიღების გზით.