უკრაინის უმაღლეს რადაში აცხადებენ, რომ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელმაც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობა უნდა დაუბრუნოს
უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელმაც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობა უნდა დაუბრუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ იურჩიშინი ავრცელებს.
მისი თქმით, კანონპროექტს ხელს სხვადასხვა ფრაქციების წევრი 48 დეპუტატი აწერს და მისი კენჭისყრაზე გატანა ხვალ არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, ამ კვირაში უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონპროექტში, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას. მას მხარი 263 დეპუტატმა დაიჭირა, მათ შორის მმართველი პარტიის 185-მა წევრმა. 13 დეპუტატი წინააღმდეგი იყო, კიდევ 13-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეიკავა. უკრაინის პრეზიდენტმა იმავე დღეს მოაწერა ხელი კანონპროექტს.
ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა მასშტაბური ჩხრეკა, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა და გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ჩაატარეს ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტოკორუფციულ პროკურატურაში. რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ ნაწილს რუსეთთან უკანონო კონტაქტებში ადანაშაულებენ.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ კიევში, ოდესაში, ლვოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებიც კანონზე ვეტოს დადებას ითხოვდნენ.
კანონის მიმართ მწვავე კრიტიკა გამოთქვეს ევროკავშირში. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა და ზელენსკისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.
უკრაინის ანტოკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა 2015 წელს დამოუკიდებელ უწყებებად შექმნეს. მათი მიზანი უკრაინის სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის გამოვლენაა. ამ უწყებების შექმნა იყო ერთ-ერთი პირობა, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სახელდებოდა.