უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქი ლიმანი რუსებს არ დაუკავებიათ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ქალაქ ლიმანის დაკავების შესახებ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსებს დონეცკის ოლქში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ლიმანი არ დაუკავებიათ.
ანა მალიარის თქმით, ქალაქში ჯერ ისევ მიმდინარეობს აქტიური ბრძოლები.
„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას“, – განაცხადა მალიარმა.
ანა მალიარის განცხადებით, არაკორექტულია განცხადების გაკეთება ქალაქის დაკავების შესახებ, ვიდრე იქ ბრძოლები მიმდინარეობს.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ლიმანზე სრული კონტროლი დაამყარეს.